English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მურთაზ კვირკვაია ვასილ კიკუტაძე ნათია დაღელიშვილი თამარ თავხელიძე გივი გუჯარაიძე
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობა საქართველოში[1]

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.02.Kvirkvaia.Kikutadze.Daghelishvili.Tavkhelidze.Gujaraidze

ანოტაცია. საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობა განვითარების საწყის ეტაპზეა. თანამშრომლობის არასათანადო ხარისხი განაპირობებს კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.  თანამშრომლობის ამჟამად არსებული პრაქტიკა დახვეწას და ეფექტიანი კოოპერაციის სხვა ასპექტების სრულყოფას საჭიროებს. კვლევამ ცხადყო, რომ განსხვავებული ხედვები, სტიმულები, ბიუროკრატიის დონე და არასაკმარისი დრო საკმაოდ ხშირად არის თანამშრომლობის შემაფერხებელი ფაქტორი. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ თანამშრომლობა რიგ შემთხვევებში არასისტემურია, ამასთან, ზოგჯერ ფორმალური ხასიათი აქვს და სასურველ შედეგებს არ იძლევა. საქართველოში არსებობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის მრავალმხრივი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებიც, თუმცა მათი რიცხვი მცირეა და ქვეყნის მასშტაბით თანამშრომლობის ხარისხზე ზეგავლენას ვერ ახდენს. კვლევის ფარგლებში  სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვამ, უცხოური გამოცდილების შესწავლამ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლებისა და კურსდამთავრებულების გამოკითხვამ დაადასტურა, რომ თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ფართოდ არის აღიარებული. განათლებისა და მეცნიერების სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს ერთობლივი კვლევების, აკადემიური პროგრამების განვითარებაში ჩართულობის, უწყვეტი განათლებისა და სხვა მიმართულებით, რაც    საზოგადოების  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: ვერტიკალური და ჰორიზონტალური შეუსაბამობა; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამქირავებლებს შორის თანამშრომლობის ფორმები; კურსდამთავრებულთა დასაქმება; სტუდენტების პრაქტიკა და სტაჟირება; ცოდნის ტრანსფერი; ერთობლივი კვლევები და პროექტები; თეორიული და  პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 შესავალი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა ნებისმიერი საზოგადოების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. როდესაც ამ ტიპის კოოპერაციის ხარისხი მაღალია, უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები ადვილად საქმდებიან მიღებული სპეციალობის მიხედვით და დამსაქმებლებს, თავის მხრივ, საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძებნის მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ. ეფექტიან თანამშრომლობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ინოვაციების დანერგვის, ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების, უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით.

საქართველოს რეალობაში, ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე უმაღლესი განათლების სისტემისა  და შრომის ბაზრის განვითარების  მიმართულებით პერმანენტულად ხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ეს ყოველივე, პირველ ყოვლისა, მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობას, ხოლო, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს  განათლების სისტემის შესაბამისობას თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებთან. თუმცა, ამ მიმართულებებით ჯერ კიდევ მრავალი გადაულახავი პრობლემა და დაბრკოლება არსებობს, რაც საჭიროებს გამოვლენას, შეფასებას და გადაჭრის მექანიზმების მოძიებას.

საქართველოს კანონმდებლობა[2] განათლების სფეროში უმაღლესი სასწავლებლებისგან  სტუდენტებისათვის სათანადო პრაქტიკული და თეორიული განათლების მიცემას და  შრომის ბაზარის მოთხოვნების გათვალისწინებას მოითხოვს. თუმცა, აღნიშნული მოთხოვნის პრაქტიკაში განხორციელება, მრავალი მიზეზის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ თუ ხორციელდება. ხშირად უმაღლესი სასწავლებლების მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები და კურსდამთავრებულთა რაოდენობები არ არის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან   შესაბამისობაში, ვერ ითვალისწინებს დამსაქმებლის მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნებს. შრომის ბაზარზე მოთხოვნის კომპონენტების ცალკეულმა კვლევებმა[3] დაადასტურა, რომ შრომის ბაზარსა და უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას შორის არ არის თანხვედრა[4].

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციის მნიშვნელობაზე ერთხმად თანხმდებიან. ასევე ცხადია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის არასათანადო კოოპერაცია გარკვეულწილად განაპირობებს პრობლემებს, რაც უკავშირდება ახალგაზრდების (მათ შორის კურსდამთავრებულთა)  უმუშევრობის მაღალ დონეს[5], ვერტიკალურ[6] და ჰორიზონტალურ[7] შეუსაბამობას კურსდამთავრებულთა ცოდნას, კვალიფიკაციას და სამუშაო ადგილის მოთხოვნებს შორის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა პროფესიული ადაპტაციის ხანგრძლივ პერიოდს და ა.შ.

სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის დამქირავებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კურსდამთავრებულები და მარეგულირებელი სტრუქტურები, ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამქირავებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში (რასაც ნაწილობრივ წარმოდგენილი კვლევაც ადასტურებს).

საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან  გამომდინარე, კვლევის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა  და დამსაქმებლებს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმების შესწავლა, ასევე, თანამშრომლობის შედეგების შეფასება და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმების და მიმართულებების გამოვლენა. კვლევა განხორციელდა რამდენიმე ეტაპად და მოიცვა როგორც კაბინეტური, ისე საველე კვლევის მეთოდები. თავდაპირველად მოხდა სამეცნიერო ლიტერატურისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული კვლევების მიმოხილვა. ამავე ეტაპზე გაანალიზდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და დამსაქმებლების თანამშრომლობის საერთაშორისო გამოცდილება. საველე მეთოდებიდან განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა 3 ავთენტური გამოკითხვა, ნახევრად სტრუქტურირებული წინასწარ შედგენილი კითხვარების მეშვეობით მოხდა სრულყოფილი მონაცემების შეგროვება (Google Form-ის პლატფორმაზე).  კვლევის დასკვნით ეტაპზე განხორციელდა მიღებული მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა.  კვლევის საბოლოო ეტაპზე  ჩამოყალიბდა დასკვნები და შემუშავდა რეკომენდაციები.  კვლევის არეალმა მოიცვა საქართველოში არსებული კერძო და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, დამსაქმებლები და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები.

 ლიტერატურის  მიმოხილვა

ავტორები, რომლებიც იკვლევენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობას, საკითხს ფართო ჭრილში განიხილავენ, კერძოდ, დასაქმების, შრომის ბაზარზე ადაპტაციის, შრომის მწარმოებლურობის, ინოვაციების და სხვა მრავალი მიმართულებით. მკვლევარები ხშირად აქცენტს აკეთებენ თანამშრომლობის არასაკმარის დონეზე და შესაძლო შედეგებზე, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებით  მიიღწევა. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა გვარწმუნებს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმებულებს შორის არასათანადო თანამშრომლობის პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. მაგალითად,  ანსელიდაგინგრიჩი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები (Ben Ansell; Jane Gingrich 2017)[8] თავიანთ სტატიაში ხსნიან უმაღლესი განათლების და შრომის ბაზრის ინსტიტუტებს შორის შეუსაბამობის მიზეზებს და აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, ბევრი ახალი კურსდამთავრებული, სავარაუდოდ, იქნება დაუსაქმებელი, ხოლო კურსდამთავრებულთა ნაწილი  დაბალანაზღაურებად სამუშაოზე შეძლებს დასაქმებას. იგივე ავტორები ხაზს უსვამენ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ შეუსაბამობას შრომის ბაზარზე, რომელიც ასევე უმაღლეს სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შორის არასათანადო  თანამშრომლობას უკავშირდება. საინტერესოა მკვლევართა ჯგუფის მიერ უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა ბალკანეთის ქვეყნებში (Will Barttlett; Milica Uvalic; Niccolo Durazzi; Vassilis Monastiriotis;  Tanguy Sene. 2016)[9], სადაც მათი აზრით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ყოველი 100 სტუდენტიდან საშუალოდ მხოლოდ 13 შეძლებს სწავლის დამთავრებას და შეძენილი უნარების შესაბამისი სამუშაოს შოვნას. ამიტომ ავტორები აუცილებლად მიიჩნევენ უმაღლესი განათლების ინსტიტუტებსა და დამსაქმებლებს შორის კოოპერაციის წახალისებას. მათი აზრით, მთავრობამ დამოუკიდებელი კატალიზატორის როლი უნდა ითამაშოს, რათა როგორც უსდ-ების, ისე დამსაქმებლების სასარგებლო თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას შეუწყოს ხელი.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი) არსებული უმაღლესი განათლების დაწესებულებების უმრავლესობა ძირითადად ფოკუსირებულია თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, მაშინ როდესაც, დამსაქმებლის მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად, მათი ზრუნვის საგანი უნდა იყოს სტუდენტების აღჭურვა პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და გამოცდილებით. რადოვიჩმა და დჯურასკოვიჩმა (Radovic & Djuraskovic, 2016)[10] გააანალიზეს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა მონტენეგროს მაგალითზე. განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ სუსტ მხარედ გამოვლინდა არასათანადო პრაქტიკული ტრენინგების არსებობა საუნივერსიტეტო პროგრამებში, უფრო კონკრეტულად კი, როგორც ფოკუსჯგუფების წარმომადგენელის მიერ იქნა გაჟღერებული, სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არასდროს ყოფილან ჩართულები  მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშემწყობ პროგრამებში. მკვლევარების აზრით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის გაუმართავი კომუნიკაციის პირობებში განათლების სისტემა ვერ იღებს სწორ ინფორმაციას იმის შესახებ თუ ზუსტად რა სახის მიმართულებები ითვლება შრომის ბაზარზე მიმზიდველად. რასაც შესაბამისად მოჰყვება კურსდამთავრებულთა შორის გაზრდილი უმუშევრობა. საქართველოში 2018 წელს განხორციელებული კვლევის ,,ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა საქართველოში“ (მ.კვირკვაია, ვ.კიკუტაძე, დ.სიხარულიძე, შ.შაბურიშვილი, ვ.ჭარაია, 2018)[11] თანახმად, შრომის ბაზრისა და არჩეული პროფესიის შესახებ ინფორმაცია აუცილებელია ახალგაზრდების მიერ სწორი პროფესიული ორიენტაციისათვის. კვლევა ადასტურებს, რომ რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილის ინფორმირებულობის ხარისხი შრომის ბაზრის შესახებ არასაკმარისია, რაც, საბოლოო ანგარიშით, ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც პროფესიის არჩევაზე, ისე მათი პროფესიით დასაქმების მაჩვენებლებზე. მკვლევარებმა ლეჟავამ და ამაშუკელმა (ლეჟავა & ამაშუკელი, 2015)[12] განახორციელეს სოციალურ მეცნიერებეში აკადემიური პროგრამების შედეგებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა საქართველში. ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოიკვეთა რომ დამსაქმებელთა შეფასებით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს არასათანადო დონეზე აქვთ განვითარებული ტრანსფერული უნარები, როგორიცაა ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაცია, პრეზენტაცია და უცხო ენების შესაბამის დონეზე ფლობა. ამავე დროს ისინი აღნიშნავენ რომ უნივერსიტეტები სათანადო დონეზე ვერ ამზადებენ მათთვის მისაღებ კადრებს. ავტორების აზრით, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოშიც პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაციის უკმარისობა ბიზნეს სექტორთან. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა შრომის ბაზრის მოთხოვნების არცოდნა და მათ შორის არასაკმარისი კომუნიკაციისა და კოოპერაციის არსებობაა.

წარმოდგენილ კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო გამოცდილებაზე, კერძოდ შესწავლილი იქნა რიგი ქვეყნების გამოცდილება, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ესტონეთი, გერმანია, პოლონეთი, აშშ და ა.შ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის ყველაზე წარმატებულ მაგალითს ესტონეთი წარმოადგენს.უკანასკნელ პერიოდში ესტონეთმა განახორციელა გარკვეული აქტივობები ბიზნესსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, კერძოდ მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს  გამოყენებითი კვლევების ჩატარებას ბიზნესთან ურთიერთქმედებით, ასევე, სადოქტორო სწავლებისა და ბიზნესის კოორდინაციას[13]. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებული მოდელი გერმანიაში არის დანერგილი.ქვეყანაში ე.წ. დუალური განათლების სისტემას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. აღნიშნული მოდელი ძირითადად გამოიყენება პროფესიულ განათლებაში, ტრენინგების სექტორში, თუმცა ბოლო პერიოდში ის აქტიურად იმკვიდრებს თავს უმაღლეს განათლებაშიც[14]. გერმანიაში სტუდენტები, რომლებიც გადიან პროფესიული სწავლების პროგრამას, ყოველთვიურად იღებენ ხელფასს იმ კომპანიისგან, რომლისთვისაც მუშაობენ[15]. უმაღლეს სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებით პოსტსოციალისტურ სივრცეში პოლონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა.გასული ათწლეულის განმავლობაში პოლონეთის განათლების სისტემაში რეფორმები განხორციელდა, რომლის მიზანიც იყო პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემასთან გათანაბრება. ამჟამად პოლონური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განვითარების ორიენტირები მიმართულია არა მხოლოდ სტუდენტების რაოდენობის ზრდაზე, არამედ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კვლევითი პროექტები, ინტერნაციონალიზაციის დონე და კოოპერაცია დამსაქმებლებთან. შესაბამისად, პოლონური უნივერსიტეტებისთვის ბოლოდროინდელი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო კურსდამთავრებულების აღჭურვა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი უნარებით[16]. უნივერსიტეტებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ინიციატივების ფართო სპექტრს მოიცავს. თანამშრომლობაში ჩართულია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი. აშშ-ში უნივერსიტეტებისა და ბიზნესის თანამშრომლობის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს: ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და სტაბილურობა, საუკეთესო ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა, განათლების ხელსაყრელი გარემო, კვლევა, ინოვაცია და მეწარმეობა, რეგიონული განვითარების საჭიროებები, კოლაბორაციის ინსტიტუციური კულტურა, სამეწარმეო განათლება, და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია.[17]

 დამსაქმებლების, კურსდამთავრებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევის შედეგები

კვლევის მიზნების მისაღწევად ჩატარდა კომპლექსური კვლევა სამი მიმართულებით:  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა კვლევა, დამსაქმებლების კვლევა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევა.

კურსდამთავრებულთა კვლევამ მოიცვა 400 კურსდამთავრებული. მიღებული აკადემიური ხარისხის კუთხით, გამოკითხულთა 51%-ს გააჩნია ბაკალავრის ხარისხი, 43%-ს - მაგისტრის,  5%-ს - დოქტორის ხარისხი, ხოლო რესპონდენტთა 1%-ს მიღებული ხარისხი არ დაუფიქსირებია. რესპონდენტთაგან, 47%-ს განათლება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქვთ მიღებული, 44%-ს მხოლოდ კერძოში, ხოლო 9%-ს ორივე ტიპის სასწავლებელში. გამოკითხვის პერიოდში, რესპონდენტთა 82% იყო დასაქმებული, ხოლო 18% - უმუშევარი. უმუშევართაგან დაახლოებით 20% საერთოდ არ ყოფილა არასდროს დასაქმებული, ხოლო 80% კი წარსულში ერთხელ მაინც იყო დასაქმებული. ასაკობრივ ჭრილში განაწილებისას, სახეზეა მაღალი უმუშევრობის დონის პრობლემა შედარებით ახალგაზრდა კურსდამთავრებულებში. 20-24 წლის ასაკის კურსდამთავრებულთაგან დაახლოებით 30%-ს არ გააჩნია მუდმივი და სტაბილური სამუშაო ადგილი, როდესაც იგივე მაჩვენებელი 30 და მეტი წლის კურსდამთავრებულებში ბევრად მცირეა. დასაქმებულ რესპონდენტთაგან კი 80-85%  დაქირავებით დასაქმებულს წარმოადგენს და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ეს კომპონენტი მკვეთრად ლიდერობს. გამოკითხულთა შორის მცირე ხვედრითი წილი აქვს თვითდასაქმებულებს და თვითდასაქმებულებში საკუთარი ბიზნესის მქონე რესპონდენტებს. კურსდამთავრებულთა გამოკითხვის პროცესში აქცენტი გაკეთდა შედარებით ახალ კურსდამთავრებულთა  (საშუალოდ  4-5 წელი უმაღლესი სასწავლებლის დასრულებიდან) მიერ გაკეთებულ შეფასებებზე.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის შედეგები პირდაპირ აისახება კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობაზე და მათი სპეციალობის მიხედვით ეფექტიან დასაქმებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ აფასებენ ისინი საქართველოში არსებული აღნიშნული თანამშრომლობის პრაქტიკას. გამოკითხული კურსდამთავრებულების 31%-ის  შეფასებით, კოოპერაცია იყო მათ სასწავლებელსა და ორგანიზაციებს შორის და ეს უკანასკნელი სასურველ შედეგებსაც იძლეოდა;   მესამედზე მეტმა (34%) აღნიშნა, რომ მათი სწავლის პერიოდში მათ სასწავლებლებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის არანაირი კოოპერაცია და ურთიერთთანამშრომლობა არ ხდებოდა. კურსდამთავრებულთა 18%-ს არ აქვს ინფორმაცია და არც სმენია მსგავსი თანამშრომლობის შესახებ. რესპონდენტთა 17-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის ხდებოდა თანამშრომლობა, თუმცა მათი კოოპერაცია სასურველ შედეგებს არ იძლეოდა და მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა (იხ.გრაფიკი 1).

გრაფიკი 1

 

კვლევაში მონაწილე რესპონდენტებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ სწავლის პერიოდში მონაწილეობდნენ უსდ-ების და დამსაქმებლების მიერ  ერთობლივად განხორციელებულ პროგრამებსა და ღონისძიებებში, 41% აცხადებს, რომ ერთობლივი პროგრამები და ღონისძიებები მათ საკმაოდ დაეხმარა და გაუადვილა სამუშაო ადგილის მოძებნა. იმავე კატეგორიის რესპონდენტების 49%-სათვის თანამშრომლობას უშუალოდ სამსახურის პოვნა არ გაუადვილებია, თუმცა ხელი შეუწყო მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და მხოლოდ 10% აცხადებს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებს მათთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, გამოკითხულ კურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტი (53%), რომელიც მიმდინარე პერიოდში არის ან იყო წარსულში დასაქმებული, აცხადებს, რომ იმ სპეციალობის შესაბამის სფეროში საქმიანობს (ან/და წარსულში საქმიანობდა), რა განხრითაც მიიღო განათლება უმაღლეს სასწავლებელში. თუმცა ამ კატეგორიიდან მხოლოდ 70% მუშაობს სწორედ იმ კვალიფიკაციის შესაბამისად, რაც უშუალოდ უსდ-ში მიენიჭა. გამოკითხულთა 17%-ის დასაქმების სფერო და მიღებული სპეციალობა ნაწილობრივ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო დარჩენილი 30% კი არ მუშაობს არც საკუთარი სპეციალობის შესაბამისად და არც ისეთ სფეროში, სადაც ამა თუ იმ კუთხით უსდ-ში მიღებული ცოდნის გამოყენებას შეძლებს. ეს უკანასკნელი მიუთითებს საქართველოს შრომის ბაზარზე მიწოდებულ სამუშაო ძალასა და სამუშაოს მოთხოვნებს შორის ჰორიზონტალურ შეუსაბამობაზე.

უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის არასათანადო თანამშრომლობის ერთ-ერთ ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ კურსდამთავრებულებს შორის უმუშევრობის მაღალი დონის გარდა, მათ საკმაოდ დიდი დრო სჭირდებათ სამუშაოს მოსაძებნად უსდ-ის დამთავრების შემდეგ. კურსდამთავრებულების პასუხებიდან ირკვევა, რომ სპეციალობით დასაქმებულთა 36 % პოულობს სამუშაოს უსდ-ს დასრულებისთანავე, 28 %-ს დაახლოებით სამ თვემდე სჭირდება, ხოლო 36 %-ს ოთხ თვეზე მეტი ან ხშირად ერთი წელიწადი, ან უფრო მეტი.

უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის ხარისხთან დაკავშირებულია ვერტიკალური შეუსაბამობა საქართველოს შრომის ბაზარზე. კერძოდ, საკუთარი პროფესიის შესაბამისად (სრულად ან ნაწილობრივ) დასაქმებული ბაკალავრების და მაგისტრების 35-40%-ს მიაჩნია, რომ მათი კვალიფიკაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ამას სამუშაო ადგილზე შესასრულებელი ფუნქციები მოითხოვს. იგივე მაჩვენებელი დოქტორის ხარისხის მქონე რესპონდენტებში 60%-ია.

კვლევის ფარგლებში განხორციელებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ვლინდება, რომ ის აუცილებელი უნარები და გამოცდილება, რაც კურსდამთავრებულებმა ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მიიღეს, არის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, საოფისე პროგრამების პრაქტიკული გამოყენება და უცხო ენა. ამათგან, ყველაზე უფრო მწვავე გამოწვევად კურსდამთავრებულები პრაქტიკული უნარ-ჩვევების არარსებობას თვლიან, რაც მათ დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია და რის მიღებასაც, სამწუხაროდ, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ახერხებენ.

დამსაქმებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ერთ-ერთ კრიტერიუმად უნდა ჩაითვალოს სტუდენტის შეფასება, თუ რამდენად ეხმარება აღნიშნული თანამშრომლობა მათ დასაქმების პროცესში. გამოკითხვიდან გამოვლინდა, რომ ყველაზე უფრო ხშირად კურსდამთავრებულები სამუშაო ადგილს თავის ძალისხმევის გამოყენებით, დასაქმების საიტების დახმარებით ეძებენ და პოულობენ (დასაქმებულ გამოკითხულთა 31%). ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა სამუშაო ადგილის მოსაძებნად  მათთვის არის კერძო კონტაქტების გამოყენება. კურსდამთავრებულთა მეორე ყველაზე დიდ ნაწილს (23%) სწორედ საკონტაქტო პირები და სანაცნობო/ნათესაური კავშირები ეხმარება სამსახურის დაწყებაში. კურსდამთავრებულთა მხოლოდ 11% ასახელებს, რომ მათ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულმა დასაქმების სააგენტოებმა და სამსახურებმა შეუწყო ხელი სამსახურის პოვნაში, ხოლო, მხოლოდ 14%  სამუშაო ადგილის მოძიებას სტაჟირებისა და პრაქტიკების პროგრამებს მიაწერს, რაც ნაწილობრივ უსდ-ის და დამსაქმებელთა თანამშრომლობის დახმარებით ხორციელდება. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის  შესწავლისა და სამომავლოდ გაღრმავების თვალსაზრისით გადამწყვეტი ფაქტორია დამსაქმებლების კვლევა და მათი შეფასებების ანალიზი. დამსაქმებლების გამოკითხვაში ჩართული იყო 140 ორგანიზაცია. გამოკითხული ორგანიზაციების   78% ფუნქციონირებს თბილისში, შემდეგ მოდის შიდა ქართლი - 5%,  ქვემო ქართლი - 5%, იმერეთი - 4% და ა.შ გამოკითხული დამსაქმებლების უმრავლესობა, 62%, წარმოადგენს კერძო სექტორს, ხოლო არასამთავრობო და საჯარო სექტორები - 19%-19%-ს.  კვლევაში ჩართული ორგანიზაციების  საქმიანობის სფერო იყო ფინანსები და დაზღვევა (18%), განათლების (15%) და ტურიზმის (12%) სექტორები, შემდეგ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (10%), ვაჭრობა (8%), სახელმწიფო მმართველობა და, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6-6%) და ა.შ. კვლევამ მოიცვა როგორც მსხვილი დამსაქმებლები (500-ზე მეტი თანამშრომლით), ასევე შედარებით მცირე და საშუალო  მასშტაბის ორგანიზაციები 50 ან უფრო ნაკლები დასაქმებულთა რაოდენობით.

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციათა 27% საერთოდ არ თანამშრომლობს უსდ-ებთან, ხოლო 28%-ს აქვს სუსტი კოოპერაცია. ორგანიზაციათა მხოლოდ 16% აფასებს თავის გამოცდილებას, როგორც მაღალი დონის ჩართულობას, ხოლო 29% მიიჩნევს, რომ აქვს საშუალო ხარისხის ჩართულობა. ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ  შედარებით აქტიურად მონაწილეობენ უსდ-ებთან კოოპერაციაში, ძირითადად წარმოადგენენ დიდ ორგანიზაციებს, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 100 ადამიანს აღემატება.

საქმიანობის სექტორების მიხედვით თუ შევაფასებთ, იმ ორგანიზაციათა უმრავლესობას, რომლებიც მიიჩნევენ რომ გააჩნიათ მაღალი ან/და საშუალო ხარისხის ურთიერთკავშირები უმაღლეს სასწავლებლებთან, წარმოადგენენ საჯარო სექტორში მოქმედ დამსაქმებლებს. შესაბამისად,  საჯარო სექტორის წარმომადგენელთა 28% აცხადებს, რომ გააჩნიათ მაღალი დონის ჩართულობა, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი კერძო სექტორისათვის 15%-ს შეადგენს, ხოლო არასამთავრობო  სექტორის შემთხვევაში კი - 8%-ს.

კვლევაში მონაწილე დამსაქმებელი ორგანიზაციების უსდ-ებთან თანამშრომლობა ძირითად შემთხვევაში ხორციელდება სტუდენტთა მობილობის ან სტაჟირებების მიმართულებით. შედეგები აჩვენებს, რომ თანამშრომლობის ეს შედარებით მარტივი ფორმა სხვა დანარჩენ ფორმებს ორჯერ და მეტჯერ აღემატება. კოოპერაციის სხვა ფორმებიდან შედარებით ხშირად ხორციელდება თანამშრომლობა კვლევებისა და განვითარების მიმართულებით, აკადემიური პერსონალის მიერ ორგანიზაციებში სემინარებისა და ტრენინგების  ჩატარება და ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნა (იხ. გრაფიკი 2). აღსანიშნავი ფაქტია, რომ გამოკითხული ორგანიზაციებიდან მხოლოდ 8 მონაწილეობდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პროგრამების შემუშავებასა და განვითარებში.

გრაფიკი 2

 

სექტორების ჭრილში საკითხის განხილვის შედეგად ირკვევა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა უნივერსიტეტებთან კოოპერაციის მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლება სტუდენტების სტაჟირება-გადამზადების კუთხით. თანამშრომლობის მსგავსი შემთხვევები ასევე ხშირია საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდანაც, თუმცა უფრო ნაკლებად. უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო სექტორი, დანარჩენ ორ სექტორთან შედარებით, უფრო ინტენსიურადაა ჩართული ისეთ პროცესებშიც, როგორიცაა თანამშრომლობა კვლევებისა და განვითარების მიმართულებებით და ახალი სერვისების/პროდუქტების ერთობლივი შექმნა/ტესტირება.

დამსაქმებლების შეფასებით, იმ ძირითად ფაქტორებსა და მიზნებს, რამაც სტიმული უნდა მისცეს უნივერსიტეტსა და ორგანიზაციებს შორის კოოპერაციის შემდგომ გაღრმავებას და გაძლიერებას, უმეტესად წარმოადგენდა: ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა; საერთო პროექტებისა თუ მიზნების ერთობლივი განხორციელების შესაძლებლობა; ორგანიზაციის სურვილი, გაუზიაროს უსდ-ებს მის მიერ დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება და უზრუნველყოს თავისი კადრები უწყვეტი განათლებით. ორგანიზაციების მცირე რაოდენობა მიუთითებს კვლევებისა და კონსულტაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობაზე, ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი კი ყურადღებას ამახვილებს ჩამოყალიბებული ურთიერთობის გაგრძელებაზე. მსგავსი მიდგომებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული მტკიცე, მრავალწლიანი ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის მოდელები საუნივერსიტეტო და დასაქმების სფეროებს შორის.

უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის ბარიერების არსებების კუთხით, გამოკითხულ ორგანიზაციათა მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პერიოდში დაბრკოლებები უსდ-ებთან თანამშრომლობის მიმართულებით თითქმის არ ექმნებათ. მათი უმრავლესობის შეფასებით, ძირითადი პრობლემები უსდ-ებთან თანამშრომლობის პროცესში უმეტესად გამოწვეულია სხვადასხვა მოტივაციების, ღირებულებებისა და განსხვავებული ხედვების არსებობით. სხვა მნიშვნელოვან პრობლემებად დასახელდა ასევე დროისა და რესურსების უქონლობა და ბიუროკრატიის მაღალი დონე უსდ-ებში. რესპონდენტების მცირე ნაწილმა (5%) ასევე აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში თანამშრომლობის ბარიერი თავად უსდ-ების უარიც გამხდარა. კვლევის ფარგლებში რამდენიმე წარმომადგენელმა დააფიქსირა კრიტიკული მოსაზრებაც, კერძოდ, მათი შეფასებით, ერთი მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ სწავლის ხარისხი უსდ-ებში არადამაკმაყოფილებელია, კომპანიებს არა აქვთ მოტივაცია, აქტიურად ეძებონ კადრები ინსტიტუტების შიგნით, ხოლო მეორე მხრივ კი, უსდ-ებთან თანამშრომლობა ძირითადად ატარებს ფორმალურ ხასიათს და ნაკლები ინიციატივა მოდის მათგან, იყვნენ მოტივირებულები წარმატებული სტუდენტების წარმოჩენითა და რეკომენდაციების გაწევით. გამოკვლევით დადგინდა, რომ ორგანიზაციებს აქვთ მომუშავის ცოდნას, კვალიფიკაციასა და სამუშაო ადგილების მოთხოვნას შორის შეუსაბამობის (ვერტიკალური და ჰორიზონტალური შეუსაბამობა) პრობლემა. ორგანიზაციათა დაახლოებით 70%-ში ფიქსირდება  გარკვეული ხარისხის ჰორიზონტალური შეუსაბამობა. ამ მაჩვენებელს ოდნავ აღემატება ვერტიკალური შეუსაბამობა. რესპონდენტთა 35%-მა ღიად დააფიქსირა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კურსდამთავრებულებს საჭირო ცოდნითა და უნარებით ვერ უზრუნველყოფს. დამსაქმებელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ასევე დააფიქსირა მოსაზრება, რომ საუნივერსიტეტო განათლება თეორიული ცოდნის კუთხით მეტ-ნაკლებად  სათანადო ბაზისს უქმნის სტუდენტს, თუმცა პრაქტიკული ცოდნა და უნარები პრობლემას წარმოადგენს. კიდევ უფრო მწვავე შეფასება გაკეთდა დამსაქმებლების მხრიდან შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების არსებობასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 80%-მა დააფიქსირა, რომ  დღეისათვის არასათანადო კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა არის მწვავე პრობლემა ორგანიზაციებისათვის.

დამსაქმებლების მხრიდან ღია კითხვებზე პასუხების განზოგადება გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ დამსაქმებელთა აზრით, საქართველოში  ხშირ შემთხვევაში კურსდამთავრებულებს აქვთ თეორიული ცოდნის ბაზა, თუმცა დეფიციტს განიცდიან პრაქტიკულ ნაწილში, უნარ-ჩვევების მხრივ. დანარჩენს უშუალოდ სამუშაო პროცესში სწავლობენ. თუმცა აქვე დამსაქმებლები მიუთითებენ, რომ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხი არაერთგვაროვანია და ხშირად რადიკალურად განსხვავდება  ის პრაქტიკული უნარები, რასაც სტუდენტები გამოიმუშავებენ სხვადასხვა უსდ-ებში.

კვლევის შემდეგი ეტაპი იყო ავტორიზებული და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოკვლევა.  კვლევამ მოიცვა 25 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოს განათლების კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით 45 %-ს შეადგენს. კვლევაში ჩართული უნივერსიტეტებიდან 15 კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია, ხოლო 10 საჯარო დაწესებულებას წარმოადგენდა. გამოკვლეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 17 წარმოადგენს უნივერსიტეტს, 5 - სასწავლო უნივერსიტეტს, ხოლო 3 - კოლეჯს. რეგიონულ ჭრილში განაწილების მიხედვით, გამოკითხული სასწავლებლების უმრავლესობა ქალაქ თბილისშია ლოკალიზებული, რეგიონების მასშტაბით კი  ექვსმა    უსდ-მ მიიღო კვლევაში მონაწილეობა.

კვლევაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობის შეფასებით, მათი სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული განათლების დონე შესაბამისობაშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. თუმცა, როდესაც უსდ-ების წარმომადგენლებმა გააკეთეს ზოგადად ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება, გაირკვა, რომ, მათი აზრით, ქვეყნის მასშტაბით უსდ-ების 72 % მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებს იმ საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც აუცილებელია დასაქმების ბაზარზე შესაბამისი სამუშაო ადგილის დასაკავებლად. უსდ-ების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, როგორც შეუსაბამობის ერთგვარ მიზეზად, ხაზს უსვამენ, რომ დამსაქმებელი კომპანიები ხშირად ბოლომდე სათანადოდ თვითონაც ვერ ერკვევიან თუ როგორი კვალიფიკაციის, უნარებისა და ცოდნის კადრები სჭირდებათ მიმდინარე პერიოდში ან სამომავლოდ.

რესპონდენტი უსდ-ების უმრავლესობის შეფასებით, მათი კურსდამთავრებულთა საშუალოდ 40-60% თუ მუშაობს იმ მიმართულებით, რა სპეციალობა და კვალიფიკაციაც მიენიჭა უმაღლეს სასწავლებელში. ეს ციფრი შედარებით მაღალია კერძო და საჯარო უნივერსიტეტებისათვის და შედარებით დაბალი კოლეჯებისა და სასწავლო უნივერსიტეტების შემთხვევაში. რამდენიმე კერძო უნივერსიტეტისა და კოლეჯის წარმომადგენლის მოსაზრებით, მათი კურსდამთავრებულთა მხოლოდ 20% თუ ახერხებს მიღებული პროფესიის შესაბამისად დასაქმებას.

კვლევაში მონაწილე უსდ-ების უმრავლესობამ განაცხადა, რომ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით ძირითადად საშუალო დონის ჩართულობა გააჩნია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მონაწილეთა 40%-ის შეფასებით, მათ მაღალი დონის ჩართულობა გააჩნიათ კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, თუმცა,  თანამშრომლობის არსებული ფორმები ჯერ კიდევ საკმაოდ პრიმიტიულია და ძირითადად მოიცავს სტუდენტთა სტაჟირების პროგრამებს და ორგანიზაციების სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაში დამსაქმებლების ჩართვას. უნდა აღინიშნოს, რომ  რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა ასევე გამოყო თანამშრომლობა კვლევებისა და განვითარების მიმართულებებით და უწყვეტი განათლების კუთხით კოოპერაცია (იხ. გრაფიკი 3). თუმცა, სამწუხაროა, რომ კოოპერაციის ისეთი თანამედროვე სახეები, როგორიცაა ორგანიზაციების მიერ სამეცნიერო მიმართულებების სპონსორობა უსდ-ებში და ახალ პროდუქტებსა და სერვისებზე ერთობლივი მუშაობა, ტესტირება და შექმნა, ფაქტობრივად არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ გვხვდება.

გრაფიკი 3

თანამშრომლობის ფორმები უსდ-ებსა და ორგანიზაციებს შორის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების პასუხებიდან ირკვევა, რომ კერძო უსდ-ებში, საჯაროსგან განსხვავებით, უფრო ხშირად ხორციელდება ერთობლივი კონფერენციები ან მზადდება პუბლიკაციები ორივე მხარის ჩართულობით; თუმცა, საჯარო უსდ-ები, კერძოებისგან განსხვავებით, შედარებით აქტიურად უზიარებენ ორგანიზაციებს დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. საჯარო უნივერსიტეტების ნაწილმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებში თემატური სემინარების/ტრენინგების ჩატარების გამოცდილება გააჩნიათ.

უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შრორის თანამშრომლობის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუდენტების მონაწილეობის შესაძლებლობა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიერბებში. უსდ-ების  წარმომადგენლებმა შეაფასეს  სტუდენტების საშუალოდ რა ნაწილი იღებს მონაწილეობას ერთობლივ პროგრამებსა და ღონისძიებებში. იმ უსდ-ების წარმომადგენლებმა, რომელებიც თვლიან, რომ საშუალო ან მაღალი დონის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა აკავშირებთ დამსაქმებლებთან ცალკეული პროგრამის ფარგლებში, განაცხადეს რომ:

სტუდენტთა სტაჟირების მიმართულებებით, კოლეჯების სტუდენტთა საშუალოდ 20-40%-ს აქვს შესაძლებლობა,  გაიარონ სტაჟირების პროგრამები სხვადასხვა დაწესებულებებში;

ერთობლივი გამოყენებითი და კვლევითი პროექტები კოლეჯების ნახევარში საერთოდ არ ხორციელდება, ხოლო სადაც ხორციელდება, სტუდენტთა მაქსიმუმ 10% არის ჩართული. სასწავლო უნივერსიტეტების უმრავლესობაში მსგავსი პროექტები ხორციელდება, თუმცა აქაც ძირითად შემთხვევაში სტუდენტთა 10%-მდე ჩართულობა ფიქსირდება. უნივერსიტეტების უმრავლესობაში ტარდება გამოყენებითი თუ კვლევითი პროექტები, თუმცა აქაც ძირითად შემთხვევაში სტუდენტთა 10-20% თუა ჩართული. სულ 2 უნივერსიტეტია, რომლებმაც განაცხადეს, რომ სტუდენტთა ნახევარზე მეტი ჩართულია მსგავსი ტიპის ერთობლივ პროგრამებში;

კვალიფიკაციის ამაღლებისა და სტუდენტთა მომზადების/გადამზადების ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის თვალსაზრისით, კოლეჯების შემთხვევაში სტუდენტთა 20-50% იღებს მონაწილეობას. სასწავლო უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა ამ კითხვაზე პასუხი არ დააფიქსირა. უნივერსიტეტების შემთხვევაში, აღნიშნულ ღონისძიებაში სტუდენტების მონაწილეობის თვალსაზრისით უნივერსიტეტების ორი მსხვილი ჯგუფი გამოიყო: ერთ მათგანში 10%-მდე სტუდენტი მონაწილეობდა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივ პროგრამებში, ხოლო მეორე ჯგუფში - სტუდენტების უმრავლესობა. გამოკვლეული უნივერსიტეტებიდან ორში  საერთოდ არ ხორციელდება კვალიფიკაციის ამაღლებისა და სტუდენტთა მომზადების/გადამზადების ერთობლივი პროგრამები;

ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებში  საშუალოდ სტუდენტთა 20% იღებს მონაწილეობას კოლეჯების შემთხვევაში. სასწავლო უნივერსიტეტებისათვის და უნივერსიტეტებისათვის, ჩართულობის მაჩვენებელი ფართოდ ვარირებადია, ძირითადად აქაც  სტუდენტების საშუალოდ 20% შეიძლება ჩაითვალოს მსგავსი ერთობლივი პროგრამების მონაწილედ, თუმცა რამდენიმე უსდ-ში მონაწილეობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 50%-საც აღემატება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებით, სხვა სარგებელთან ერთად, აქტიური კოოპერაცია პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მათ სტატუსსა და კონკურენტუნარიანობაზე. გამოკითხული უნივერსიტეტებისა და სასწავლო უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის დახმარებით მათი სასწავლებლების პრესტიჟი და მიმზიდველობა მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა და  თანამშრომლობა ამ მხრივ სასარგებლო აღმოჩნდა.

კვლევის პროცესმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციებთან კოოპერაციის განხორციელებისას უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა პრობლემებსა და გამოწვევებს აწყდებიან. გამოკითხულთა უმრავლესობა ურთიერთთანამშრომლობის პროცესში არსებულ ბარიერებს შორის გამოყოფენ დროისა და რესურსების შეზღუდულობას, აგრეთვე განსხვავებულ ხედვებს პრობლემების გადაწყვეტისადმი მათსა და ორგანიზაციებს შორის. დასახელდა ასევე, რომ ორგანიზაციებსა და უსდ-ებს სხვადასხვა მოტივაცია გააჩნიათ და ძნელია ასეთ ვითარებაში საერთო მიზნებისა და პროექტების განხორციელება. უსდ-ების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ბიუროკრატიის მაღალ დონეს აწყდებიან დამსაქმებლებში და ხშირად უარიც მიუღიათ თანამშრომლობის თხოვნაზე.

საინტერესოა უსდ-ების წარმომადგენლების მოსაზრებები მოტივაციის ფაქტორთან დაკავშირებით, რომელიც გააღრმავებს მათსა და დამსაქმებლებს შორის კოოპერაციას. გამოკითხვაში მონაწილე, შედარებით მრავალწლიანი გამოცდილების (30 წელი) მქონე უსდ-ების უმრავლესობის აზრით, კოოპერაციის მთავარ მიზნად პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით  კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა დასახელდა. შედარებით ახალგაზრდა სასწავლებლებმა (ბაზარზე ფუნქციონირების 15 წელზე ნაკლები პერიოდი) მნიშვნელოვან ფაქტორად გამოყვეს ორგანიზაციების მხრიდან პრაქტიკული კონსულტაციების მიღება, რაც დაეხმარება მათ შემდგომ განვითარებაში. შედარებით ძველმა უნივერსიტეტებმა და სასწავლო უნივერსიტეტებმა (60 წელი და მეტი) კი ამ მხრივ, პირიქით, ორგანიზაციისათვის საჭირო კვლევებისა და რელევანტური პროექტების უნივერსიტეტის მიერ შესრულება აღიარეს კოოპერაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოტივირებელ ფაქტორად. უსდ-ების წარმომადგენელთა უმეტესობის აზრით, კოოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, რის გამოც ლოგიკურია, რომ კოოპერაციის დამყარების ინიციატორად ორივე მხარე უნდა გამოდიოდეს. გამოკითხული უსდ-ების წარმომადგენელებმა ასევე აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა საკმაოდ დაბალია კოოპერაციის განხორციელებისა და განვითარების მიმართულებებში. უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობის აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტები ან არ არიან აღნიშნულ პროცესებში ჩართული, ან უმნიშვნელოდ უწყობენ ხელს უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის  განვითარებასა და გაღრმავებას.

დასკვნები და რეკომენდაციები

ნაშრომში მიმოხილული ლიტერატურის, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული კვლევების შესწავლის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშველოვან საკითხს წარმოადგენს.

მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: სასწავლო პროგრამის დიზაინის განვითარება და მიწოდება; ინდივიდზე ორიენტირებული კურსის განვითარება; გაცვლითი და მობილობის პროგრამები; ერთობლივი კვლევების განხორციელება; გრძელვადიანი განათლება და სიცოცხლის მანძილზე სწავლება; მეწარმეობა და სამეწარმეო განათლება.

საქართველოში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის კოოპერაციის პროცესები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ პერიოდში იმყოფება. ბოლო ათწლეულის მანძილზე ურთიერთთანამშრომლობის ფორმები თანდათანობით იხვეწება და ღრმავდება. თუმცა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადაწყობილი ბიზნესსექტორი, საჯარო სფერო და განათლების სისტემა ჯერ კიდევ საკმარისად ვერ იღებს იმ სიკეთეებსა და პოტენციურ სარგებელს, რისი მოტანაც ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის არაეფექტიან თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოს უსდ-ების კურსდამთავრებულთა მხოლოდ დაახლოებით მესამედს აქვს ინფორმაცია მათ მიერ დამთავრებულ უნივერსიტეტსა და დამქირავებლებს შორის თანამშრომლობაზე. კიდევ უფრო სავალალო ფაქტია ის, რომ მათი გარკვეული ნაწილი აღნიშნულ თანამშრომლობას მხოლოდ ფორმალურ ურთიერთობად აფასებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კურსდამთავრებულების ის ნაწილი, რომლებიც თანამშომლობის ფარგლებში გარკვეულ პროგრამებში მონაწილეობდნენ, ხაზს უსვამენ სარგებელს, რაც მათ მიიღეს აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებიდან. კერძოდ, აღნიშნული კატეგორიის რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ მსგავსმა ღონისძიებებმა ძირითადად პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიის შესაბამისად დასაქმებაზე. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური შედეგებისა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ტიპურ ქართველ სტუდენტს იმ სრული სარგებლის მიღება არ შეუძლია, რასაც იღებენ მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებელების კურსდამთავრებულები, როდესაც ისინი მონაწილეობენ დუალური სწავლების პროგრამებში, კომპანიების მიერ დაკვეთილი კვლევებისა და განვითარების პროგრამებში, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღმავების ხანგრძლივვადიან პროგრამებსა და სასწავლო კურსებში.

საქართველოში დამსაქმებელი ორგანიზაციების თითქმის მესამედი საერთოდ არ თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხოლო თითქმის ამდენივეს ჩართულობა  მინიმალურ თანამშრომლობას გულისხმობს.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის არსებული თანამშრომლობა ამ ეტაპზე საკმაოდ მარტივი ფორმებით ხასიათდება. უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობისათვის  კოოპერაციის ძირითად ფორმებად სტუდენტთა სტაჟირების პროგრამები და ორგანიზაციების მიერ სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაში ჩართვა გვევლინება. კოოპერაციის ისეთი თანამედროვე სახეები კი, როგორიცაა ორგანიზაციების მიერ სამეცნიერო მიმართულებების სპონსორობა უსდ-ებში და ახალ პროდუქტებსა და სერვისებზე ერთობლივი მუშაობა, ტესტირება და შექმნა, სამწუხაროდ, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ გვხვდება. 

საქართველოში უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის არასათანადო თანამშრომლობის შედეგი ნაწილობრივ არის ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონე. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ შოულობს სამუშაოს, ან შოულობს საკმაოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ. ამასთან, კურსდამთავრებულების შეფასებით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არ მუშაობს მიღებული სპეციალობის მიხედვით (ჰორიზონტალური შეუსაბამობა), ხოლო მიღებული სპეციალობის მიხედვით მუშაობის შემთხვევაშიც მათი კვალიფიკაცია აღემატება (ვერტიკალური შეუსაბამობა) სამუშაოს შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციას.

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც თან ახლავს უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის არარსებობას, არის ის ფაქტი, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებელები სტუდენტებს ვერ  უვითარებენ ისეთ პრაქტიკულ უნარებს, რაც აუცილებელია მათი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. კვლევით დასტურდება, რომ უმაღლესი  განათლების სისტემა თეორიული ცოდნის კუთხით მეტ-ნაკლებად  სათანადო ბაზისს უქმნის სტუდენტს, თუმცა შრომის ბაზარი დეფიციტს განიცდის კურსდამთავრებულთა ცოდნის პრაქტიკულ ნაწილში საჭირო უნარ-ჩვევების მხრივ.

საქართველოში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის შემაფერხებელ ფაქტორებად დამსაქმებლები და უსდ-ები მიიჩნევენ განსხვავებულ მოტივაციას და ხედვებს, დროისა და რესურსების ბიუროკრატიას როგორც უსდ-ებში, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციაში.

საქართველოში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საჭიროა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის ისეთი ფორმატები, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეებმა შეისწავლონ და მხედველობაში მიიღონ ერთმანეთის სამომავლო გეგმები და ერთობლივად შეიმუშაონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები და აქტივობები. აღნიშნული პლატფორმების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს დამსაქმებელთა გაერთიანებებმა, საუნივერსიტეტო ასოციაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფო ინსტიტუციებმა.

საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად  აკადემიური პროგრამების შემუშავება უსდ-ების მიერ რეალურად უნდა მოხდეს შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. მარეგულირებელი სტრუქტურების მხრიდან მცდელობების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე შრომის ბაზართან კავშირის მოთხოვნა არ არის საკმარისი, რომ უსდ-ებმა შეისწავლონ და აკადემიურ პროგრამებს საფუძვლად დაუდონ შრომის ბაზრის მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნები. უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო, სადაც თანამშრომლობა კონკურენტუნარიანობის მთავარი ფაქტორი გახდება და უსდ-ები ბუნებრივად დაიწყებენ თანამშრომლობის გზების ძიებას.

უსდ-ებმა და დამსაქმებლებმა უნდა დაიწყონ აქტიური თანამშრომლობა მეცნიერების კომერციალიზაციის მიმართულებით. ერთ-ერთი რეალური გზა, რომელსაც შეუძლია უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის ფორმალური ურთიერთობები გადაიყვანონ ურთიერთსასარგებლო გრძელვადიან თანამშრომლობაში, არის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვლევების ერთობლივი განხორციელება. საქართველოში უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ მიმართულებად უნდა დარჩეს კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები.

პანდემიამ ბევრი ცვლილება გამოიწვია როგორც განათლების და ბიზნესის, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ბევრ სფეროში. ცხადია, ცვლილებები შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობას, თანამშრომლობის ფორმებს და მიმართულებებს, თანამშრომლობის მოდელებს. კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს და რა მიმართულებით  Covid 19-ის ზეგავლენის შედეგად, ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს. ამ ეტაპზე კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რა მიმართულებითაც უნდა განხორციელდეს ცვლილებები, უსდ-ებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობა  აქტუალურობას არ დაკარგავს.

 გამოყენებული ლიტერატურა

  • აროშვილი ა. (2016), ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; ანტისოციალური პოლიტიკა საქართველოში: განათლება და შრომის ბაზარი.  
  • ლეჟავა დ., & ამაშუკელი მ. (2015). აკადემიური პროგრამების შედეგებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი, სოციალური მეცნიერების ცენტრი.
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტი. (2016). შრომის ბაზრის კვლევა. ბათუმი: მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი".http://www.intellect.org.ge/text_files/ge_file_788_1.pdf
  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
  • მ.კვირკვაია, ვ.კიკუტაძე, დ.სიხარულიძე, შ.შაბურიშვილი, ვ.ჭარაია (2018). ,,ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა საქართველოში“, გლობალიზაცია და ბიზნესი,  https://doi.org/10.35945/gb.2018.06.035.
  • Ben Ansell; Jane Gingrich. Mismatch: University Education and Labor Market Institutions.  doi:10.1017/S1049096516002948.  Professional Symposium. ©American Political Science Association, 2017.
    • Will Barttlett; Milica Uvalic; Niccolo Durazzi; Vassilis Monastiriotis;  Tanguy Sene.  From University to Employment: Higher Education Provision and Labour Market Needs In the Western Balkans. Synthesis Report. 2016.
    • Radovic, M., & Djuraskovic, J. (2016). Mismatch between Education System and Labour Market Needs – Enabling Environment for Sustainable Enterprises in Montenegro. Podgorica: Montenegrin Employers Federation.
    • Bartlett, W. (2013). Skill Mismatch, Education Systems, and Labour Markets in EU Neighbourhood Policy Countries. WP5/20 Search Working paper.
    • University-business cooperation: adapting the curriculum and educational package to labor market requirements. Proceedings of the International Conference on Business Excellence, E.  Manuela. Bucharest, Romania, 2017, page 342.
    • The new face of university-business cooperation in Finland, M. Ranga, J. Perälampi, J.  Kansikas, Science and Public Policy 43 (5): 601-612. Spe. Issue “Universities as interactive partners”.(2016),Page 3,10
    • GTAI. (2019). https://www.gtai.de/gtai-en/invest/business-location-germany/business-climate/dual-education-system-65348;
    • State of University and Business Cooparation in Poland, T. Davey, V. Galán-Muros, A. Meerman, T. Kusio, Science-to-Business Marketing Research Centre, apprimo UG and University Industry Innovation Network (UIIN), 2013, page 10.
    • Make it Germany. (2019). https://www.make-it-in-germany.com/en/study -training /training /vocational/ system

[1] kvleva ganxorcielda grigol robaqiZis saxelobis universitetSi, fundamenturi kvlevebisTvis SoTa rusTavelis erovnuli samecniero fondis sagranto dafinansebis farglebSi. grantis NFR- 1 8-6 1 5 6

 

[2] საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

[3]ალექსანდრა აროშვილი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; ანტისოციალური პოლიტიკა საქართველოში: განათლება და შრომის ბაზარი;  წყარო: https://emcrights.files.wordpress.com/2016/09/ e18390e1839ce183 a2e183 98e183a1e1839de183 aae18398e18390e1839ae183a3e183a0e18398-e1839ee1839de1839ae18398e183 a2e18398e18399e18390-e183a11.pdf

[4] ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი `ინტელექტი.~ (2016). შრომის ბაზრის კვლევა. ბათუმი: ახალგზარდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“. http://www.intellect.org.ge/text_files/ge_file_788_1.pdf

[5] 2020 წლის მდგომარეობით, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა შეადგენდა 27.8 პროცენტს, ხოლო 25-დან 34 წლამდე  ასაკობრივი ჯგუფისთვის 21.3 პროცენტს. www.geostat.ge

[6] სიტუაცია, როდესაც განათლების ან უნარების დონე დაბალია ან მაღალია განათლებისა და უნარების მოთხოვნილ დონეზე. / საშუალო სკოლის მათემატიკის პედაგოგად მუშაობს ადამიანი დოქტორის ხარისხით მათემატიკის დარგში.

[7] სიტუაცია, როდესაც განათლების ან უნარების დონე შეესაბამება სამუშაოს მოთხოვნებს, მაგრამ განათლების ან უნარების ტიპი არსებული  სამუშაოსთვის შეუფერებელია. / აუდიტორულ კომპანიაში დასაქმებულ ბუღალტერს მოეთხოვება ყოველთვიური მაკროეკონომიკური ანალიზის მომზადება.

[8] Ben Ansell; Jane Gingrich. Mismatch: University Education and Labor Market Institutions.  doi:10.1017/S1049096516002948.  Professional Symposium.  © American Political Science Association, 2017.

[9] Will Barttlett; Milica Uvalic; Niccolo Durazzi; Vassilis Monastiriotis;  Tanguy Sene.  From University to Employment: Higher Education Provision and Labour Market Needs In the Western Balkans.Synthesis Report. 2016.

[10] Radovic, M., & Djuraskovic, J. (2016). Mismatch between Education System and Labour Market Needs – Enabling Environment for Sustainable Enterprises in Montenegro. Podgorica: Montenegrin Employers Federation.

[11] მ.კვირკვაია, ვ.კიკუტაძე, დ.სიხარულიძე, შ.შაბურიშვილი, ვ.ჭარაია (2018). ,,ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა საქართველოში“, გლობალიზაცია და ბიზნესი,  https://doi.org/10.35945/gb.2018.06.035

[12] ლეჟავა, დ., & ამაშუკელი, მ. (2015). აკადემიური პროგრამების შედეგებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალური მეცნიერების ცენტრი.

[13] The new face of university-business cooperation in Finland, M. Ranga, J. Perälampi, J.  Kansikas, Science and Public Policy 43 (5): 601-612. Spe. Issue “Universities as interactive partners”.(2016),Page 3, 10;

[14] GTAI. (2019). https://www.gtai.de/gtai-en/invest/business-location-germany/business-climate/dual-education-system-65348

[15] Make it Germany. (2019). https://www.make-it-in-germany.com/en/study-training/training/vocational/system/

[16] State of University and Business Cooparation in Poland, T. Davey, V. Galán-Muros, A. Meerman, T. Kusio, Science-to-Business Marketing Research Centre, apprimo UG and University Industry Innovation Network (UIIN), 2013, page 10.

[17] University-business cooperation: adapting the curriculum and educational package to labor market requirements. Proceedings of the International Conference on Business Excellence, E.  Manuela. Bucharest, Romania, 2017, page 342.